ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე

ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ.


„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად.

„ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.


ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა.

უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.


დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული;

გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;

გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.