რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი შეიძლება, მიმართული იყოს არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება.

ლანდსბერგისი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა.


„25 წელია, ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება.


შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება.

ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში გათავსებული პოსტის საშუალებით.