„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა

2024 წლის პირველ იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ფორმალურად შეწყვიტა არსებობა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. ერევანმა ბაქო ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი გასული წლის 28 სექტემბერს მოაწერა.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელების უმეტესობა - მათ შორის სამი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, რუბენ ვარდანიანი - აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა და კვლავ ციხეში იმყოფებიან. ამ პირთა სასამართლო სხდომები ჯერ არ გამართულა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ.