მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.
„უკრაინა გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან, რომელსაც 1996 წლის 18 ოქტომბერს მოსკოვში მოეწერა ხელი,“ - განაცხადა მელნიჩუკმა.
ეს იყო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ავტომატური სისტემის კომპონენტი. შეთანხმებით ასევე გათვალისწინებული იყო სახელმწიფოთაშორისი სისტემის ეროვნული ქვესისტემების შექმნა წევრი ქვეყნების საკუთარი სახსრების ხარჯზე. გარდა ამისა, სახელმწიფოებს სახელმწიფოთაშორის სისტემაში უნდა გამოეყენებინათ საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციის დაცვის საშუალებები, რომლებიც რუსეთის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებებით იყო უზრუნველყოფილი.
2018 წლის აგვისტოში უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საწესდებო ორგანოებში. მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ.
უკრაინა იყო 1991 წლის დეკემბერში დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მას ოფიციალურად არ მოუხდენია თანამეგობრობის წესდების რატიფიცირება, მაგრამ ჩართული იყო ორგანიზაციის მუშაობაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინას პრაქტიკულად აღარ მიუღია მონაწილეობა დსთ-ს საქმიანობაში. საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავიდა დსთ-დან, რომლის წევრიც 1993 წელს გახდა. დსთ-ში დარჩა ცხრა სახელმწიფო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა (2024 წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას) სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ასოცირებული წევრია.