აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. ამერიკულმა მხარემ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოგზაურობის განმავლობაში მდივანი ხაზს გაუსვამს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას; ასევე, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფას; ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეეწყოს ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი, მდგრადი მიწოდებისა და აუცილებელი სერვისების განახლებას.
მდივანი ბლინკენი ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად, მათ შორის, ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე და ლიბანში ესკალაციის თავიდან აცილებას.
მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ყოვლისმომცველ, ხელშესახებ ნაბიჯებს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად მომავალი პალესტინის სახელმწიფოს რეალიზაციისკენ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ.
ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 დეკემბერს გავრცელდა.
ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ.
მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან.
ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.