ილია II: თუ შევძლებთ, სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან

„დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას,“ –სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.


  • „თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ, მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.“

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ასევე ვკითხულობთ: „ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება, თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.

გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.“


პატრიარქის ეპისტოლეს თანახმად, „ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა.“

  • “წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.“