იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევის რეგიონში, ბუჩასა და ირპენს ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო წერს.
„რუსეთი აგრძელებს ომის დანაშაულის ჩადენას და უკრაინელთა მკვლელობას ყოველდღე. მსოფლიომ ეს არ უნდა დაივიწყოს. დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა უკრაინაშია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში მისი დანიშვნის შემდეგ. მადლობელი ვარ, რომ მინისტრი ეწვია ბუჩასა და ირპენს, რომლებმაც კარგად იციან, რა არის "რუსული სამყარო," - აღნიშნა კრავჩენკომ.
იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში 7 იანვარს ჩავიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.