უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ათასამდე მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი სამი და მეტი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასებს კომისია, რომელიც დევნილთა სააგენტოში შეიქმნება.
„ოჯახები განაცხადს შეიტანენ ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში. ჩვენ მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები აღრიცხულია. ამის საფუძველზე პროაქტიულად ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეძლებენ განაცხადის შეტანას."
შეკითხვას, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აზარაშვილმა უპასუხა:
„რადგან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა: სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან, პროექტის დიზაინზე მუშაობა და სხვ. წელს უკვე იწყება ეს პროგრამა და შესაბამისად, არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს, მით უმეტეს გაუგებარია, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. თანხა გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
აზარაშვილის განმარტებით, სამინისტროს აქვს შესაბამისი ოჯახების ბაზა, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ.