ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელორუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს ბელორუსის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ლუკაშენკოს რეჟიმის დევნის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა. Google-ისა და Meta-ს საინფორმაციო აგრეგატორების ალგორითმები ცენზურულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და აუდიტორიას არ აძლევს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალების ნახვის უფლებას. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, Google News-ი არ ახდენს მასალების ინდექსაციას ბელორუსულ ენაზე.
„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელშეწყობა - ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა,“ - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
FT-ს თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები.“ Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.