უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.


რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს, ოლექსი ნეიჟპაპამ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არა იმდენად ბაზა, არამედ, ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება თავისი სამხედრო გემების განთავსების ადგილების გასაფართოებლად, რადგან მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე ვერ ეყოლება.


თუ რუსეთი აფხაზეთში ბაზას ააშენებს, იქნება თუ არა ის უკრაინისთვის კანონიერი სამიზნე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ადგილას მყოფი ნებისმიერი გემი, რომელზეც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშაა აღმართული.

„ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების განსათავდებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლურისა. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია,“ - აღნიშნა ნეიჟპაპამ.