32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, განისაზღვროს, თუ როგორ იქნება NATO მზად თავისუფალი სამყაროს მომავლის დასაცავად.


„ამ ზაფხულს, ივლისში, ვაშინგტონი NATO-ს 75-ე სამიტს უმასპინძლებს. ეს იქნება შესაძლებლობა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გააკეთა NATO-მ დაარსების დღიდან, მაგრამ რაც მთავარია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქნება NATO მზად ჩვენი მომავლის დასაცავად.


ჩვენ ვუყურებთ რეალურ ცვლილებებს ომების წარმოების გზებში და სახელმწიფოების როლს ამ ომებში. NATO ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი შემოგვიერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი.

ჩვენ ველით, რომ შვედეთი შემოგვიერთდება, როგორც სრულუფლებიანი წევრი, და ეს იქნება 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით, რომლებიც მზად იქნებიან მომავალი ათწლეულების გამოწვევებისთვის გლობალურ დონეზე,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს.

  • „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა.

10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ.

  • „რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ.

რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ," - განაცხადა ზელენსკიმ.


თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი.


ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე.

  • „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს.

შეგახსენებთ, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.