დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს.
ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის უმაღლეს რადაში პარასკევს, 12 იანვარს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ვილნიუსში გამართულ სამიტზე, გაერთიანებულმა სამეფომ, 30 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოს ახალი, ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები.
„დღეს დიდი ბრიტანეთი პირველია, ვინც შეასრულა ეს დაპირება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე ახლახან მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას,” - აღნიშნა სუნაკმა.
რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.