„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, „ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე.
ვიზიტის ფარგლებში, განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.
ყურადღება გამახვილდება როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.
ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასაც. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ესაა შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტების საპასუხოდ. მინისტრის განცხადებით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად.