უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტს შვეიცარიის კონფედერაციაში ორშაბათს, 15 იანვარს დაიწყებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს, პარტიების ლიდერებს და შვეიცარიის პრეზიდენტს, ასევე მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
როგორც ცნობილია, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მრჩევლების მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი იერმაკმა.
მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო.
- წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ.
„კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.
ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.