ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ტურნე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - დღეს დაიწყო და ის 3 მარტამდე გაგრძელდება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტამდე ეწვია მოლდოვას, სადაც პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.
შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა.
საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.