ნორვეგია საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ჯამში $190 მილიონზე მეტს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალის გასავითარებლად, 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს. მთავრობის განცხადებით, თავდაცვისთვის სულ 2 მილიარდი ნორვეგიული კრონი გამოიყოფა, რაც 190 მილიონ დოლარზე მეტია. თანხის ნახევარი ნორვეგიული საბრძოლო მასალის მწარმოებელ Nammo-ს გადაეცემა. დანარჩენი კი, უკრაინას მოხმარდება.

„თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ.


თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, იარაღის წარმოების გაზრდა მომგებიანია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, უშუალოდ ნორვეგიისთვისაც. „ჩვენ ხელს ვუწყობთ Nammo-ს წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას ნორვეგიის, მოკავშირეების და უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განმარტა მინისტრმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.