რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს

„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას. (CPT) მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშში დოკუმენტის ბოლო ნაწილი რეკომენდაციებს მოიცავს. 
 
ანგარიშის მიხედვით, „ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტი С-ს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. ცალკე განთავსებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ან სათანადოდ მომზადებულ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (სულ მცირე, 2 საათი დღეში).

რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო.

კომიტეტის შეფასებით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო. 

ასევე უნდა იყოს მიღებული ზომები (შესაბამისი ინსტრუქციების სახით), რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პაციენტების (მათ შორის ბ-ნი ს.-ის) შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს. ასეთი კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ასევე შეიძლება, გადაეცეს კანონიერად უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს (როგორებიც არიან პროკურორები და გამომძიებლები, მიმდინარე გამოძიების კონტექსტში), ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებს, მათი კანონიერი მანდატის ფარგლებში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით.


ამასთან, ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ  დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ (მაგალითად, პერსონალისა და სხვა პაციენტების მიმართ ძალადობის რისკით, შფოთვისა და თვითდაზიანების რისკის შემთხვევაში) და ეს რისკი უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ.


„რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით ბ-ნი ს.-ის მუდმივ მეთვალყურეობას, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე), თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს გამოყენებული ზომები (რომელიც წარმოადგენს პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეშ ჩარევას) მაინც პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა. იგივე მიზანი შეიძლებოდა, მიღწეული ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურად ყოფნის უზრუნველყოფით.


კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი  შემდგომი შეყოვნების გარეშე.“

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ის კლინიკა „ვივამედში“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს იკვლევდა.

საქართველოში ვიზიტით იყვნენ: ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი; ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. მისი მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.