ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. ამ მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული.
„ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თავის მხრივ, CNN თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი შეხვდა დეპუტატებს, რათა მათთვის განემარტა, რა დევს სასწორზე უკრაინისთვის.
წყარო ამბობს, რომ პრეზიდენტმა მიმართა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანსა და ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავრილ ჰეინსს სთხოვა, კონკრეტული სურათი ჩამოეყალიბებინათ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინას უახლოეს თვეებში ამოეწურებოდა, თუმცა მეტ დეტალს წყარო არ ამჟღავნებს.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს კონკრეტულად მიუთითეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, რომლებიც შეიძლებოდა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამოწურულიყო. ბაიდენი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომი NATO-ს ტერიტორიაზე გავრცელდა, აშშ იძლებული იქნება, პირდაპირ ჩაერთოს კონფლიქტში. CNN-ის ცნობით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მიუთითა, რომ უკრაინის დაფინანსების გაგრძელება შესაძლოა, იმის საფრთხეს ქმნიდეს, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი გახდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია მილიარდობით დოლარის დახარჯვა მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბების გარეშე და მე ვუთხარი პრეზიდენტს დღეს შეხვედრაზე, როგორც არაერთხელ ვამბობდი: თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ სტრატეგია. რა არის საბოლოო შედეგი,“ აღნიშნა მან CNN-თან ინტერვიუში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.