ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს." 


16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.