იაპონია მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

BBC-ის ცნობით, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს რობოტი წარმატებით დაეშვა მთვარეზე, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს მის მისიას.


ჯერჯერობით უცნობ მიზეზთა გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას ვერ შეძლებს, ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება, თუმცა იაპონიის კოსმოსური სააგენტო (Jaxa) ვარაუდობს, რომ შესაძლოა Slim-ის პანელები მხოლოდ ახლაა იმგვარად გაშლილი, რომ სინათლე არ ხვდება და მზის სხივების პოზიციის შეცვლის შემდეგ, სისტემის ამოქმედების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი რობოტის მისია მთვარის გეოლოგიის 2 კვირის განმავლობაში შესწავლას ითვალისწინებდა.

SLIM შედარებით პატარა ლენდერია, რომლის სიმაღლე 2,4 მეტრია. გაშვებისას მისი წონა 590 კილოგრამი იყო, ამ მასის დაახლოებით ორი მესამედი საწვავია.


ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე. გასული წლის აგვისტოში კი, ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა. ასევე აგვისტოში რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.