ინდოეთმა თავისი კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარეზე დასვა, რითაც მსოფლიოში გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ასეთი წარმატება მიითვალა. CNN წერს, რომ ამ მისიით ინოდეთს შეუძლია, გლობალური სუპერსახელმწიფოს სტატუსი გაამყაროს. ამასთან, BBC-ის ცნობით, ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვა. ხომალდი მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება BRICS-ის სამიტზე, ხომალდის დასმას ვირტუალურად უყურებდა.
„ამ სასიხარულო დღესასწაულზე...მინდა, მივმართო მსოფლიოს ყველა ადამიანს. ინდოეთის წარმატებული მისია მთვარეზე მხოლოდ ინდოეთის არ არის. ერთი დედამიწის, ერთი ოჯახის, ერთი მომავლის შესახებ ჩვენი მიდგომა მთელ მსოფლიოში ისმის.“ „ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა საყოველთაოდ მისასალმებელია. ჩვენი მისია სწორედ ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს წარმატება მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ის მომავალში სხვა ქვეყნების მთვარეზე მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ამ წარმატებულ მისიამდე სამი დღით ადრე, 20 აგვისტოს რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.