ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აქვეყნებს.


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ გამორიცხა.

„გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წლების განმავლობაში მისი მყარი პოზიცია გაიმეორა, რომელიც მან წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. „ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი ისრაელმა უნდა აიღოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ღაზა ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის და ეს პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას ეწინააღმდეგება,“ - წერია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგებოდა.