ავღანეთში რუსული თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიამდე პილოტმა დისპეტჩერს ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა.


რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.  თვითმფრინავი გაია - ტაშკენტი - ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.