უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა.

23 იანვარს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო დარტყმა მიიტანა.


ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა 23 იანვარს გამთენიისას სარაკეტო დარტყმების სერია კიევზე, კიევის ოლქზე, ხარკოვსა და პავლოჰრადზე განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს თქმით, თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა.


კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საბავშვო ბაღის შენობა. დამწვარია ავტომობილები. შენობაში რაკეტის აუფეთქებელი ნაწილის აღმოჩენის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3 აფრინდნენ.

სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.