შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სჯერა, რომ უკრაინის ბრძოლის ველებზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება მისი მთლიანი თავდაცვითი ძალისხმევისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება.
ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინის გამარჯვება სურს.
„ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა,“ - აღნიშნა კირბიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.