უკრაინის შავი ზღვის მთავარი პორტების ხელახალი გახსნისა და ცალმხრივი გადაზიდვების საექსპორტო არხის შექმნის გამო, 2023 წლის დეკემბერში უკრაინის პორტებმა მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაატარეს, ვიდრე - ნებისმიერ დროს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში საუბრობს.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ყოველთვიურ მოცულობას, რომელსაც გაეროს და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს მიაღწიეს.
„უკრაინამ მიაღწია ამას, რადგან მან დიდწილად ხელი შეუშალა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოპერირებას შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც ისინი უკრაინული ძალებისგან საფრთხეს გრძნობენ,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა.
ბაზრის სანდოობას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის შუამავლობით მოქმედი ეფექტიანი სადაზღვევო პაკეტი და განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა საზღვაო ნაღმების საწინააღმდეგო ძალები შექმნეს.
როგორც უკრაინული მედცია წერს, ამ საექსპორტო მარშრუტის სიჯანსაღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში: როგორც უკრაინის საექსპორტო შემოსავლისთვის, ისე რისკების შემცირებისთვის და შავ ზღვაში ყველასათვის უფრო დიდი ვაჭრობისთვის.
შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა.
„MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე.
„მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი.
ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც გასულ წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.
შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.
-
რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
-
სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია