გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, როდესაც გერმანია ცდილობს, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რამდენიმე გერმანელი ბიზნეს ლიდერი შეუერთდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან. მას დედაქალაქ ჰანოიში შეუერთდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და გერმანიის წამყვანი ინდუსტრიული ფირმების ბიზნეს ლიდერების დელეგაცია, რომლებიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხდღიან ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორია შტაინმაიერის დღის წესრიგი ვიეტნამში?
შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა ვიეტნამის პრეზიდენტი ვო ვან ტუონგი. შემდეგ დაესწრო გამოფენას ჰანოის გოეთეს ინსტიტუტში. დედაქალაქში ტურის შემდეგ, ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვიეტნამიდან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ.
გერმანიის შრომის მინისტრმა ჰეილმა განმარტა, რომ შეთანხმება გადალახავს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ "გერმანიაში ჩასულ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ."
„გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი. მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ საკითხში,“განაცხადა შტაინმაიერმა ვიეტნამის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ. შტაინმაიერი ამ ვიზიტის შემდეგ, ორ დღეს ტაილანდში გაატარებს.
გერმანია ვიეტნამის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში, ხოლო ვიეტნამი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ASEAN-ის ქვეყნების ჯგუფში.