საფრანგეთი უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას გმობს და კიევს მხარდაჭერას ჰპირდება.
„საფრანგეთი უმკაცრესად გმობს რუსეთის მასიურ სარაკეტო დარტყმას უკრაინაზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 დაშავდა. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყებს ავრცელებს. საფრანგეთის შეფასებით, რუსეთი ომის დამნაშავეა და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ესკალაციისთვის.
ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ, რომელიც უკრაინაში ახალი თანამდებობის დაკავებიდან მალევე გაემგზავრა, განაცხადა, რომ „ამ ომში რუსეთის გამარჯვებას ვერ დაუშვებენ.“ ამიტომ, „საფრანგეთი გააგრძელებს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინას დახმარება, რომელიც მას ლეგიტიმური თავდაცვისთვის სჭირდება.“
„საფრანგეთი დაახლოებით 40 შორი დისტანციის SCALP-ის რაკეტას, ასევე რამდენიმე ასეულ AASM-ის საჰაერო გამშვებ ბომბსა და საბრძოლო მასალას მალე გადასცემს. როგორც კოალიცია „არტილერია უკრაინისთვის“, თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და აშშ, პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ, რომ უკრაინას ის შესაძლებლობები გადასცენ, რაც მას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ამ მნიშვნელოვან სფეროში სჭირდება და მას მომავლის უკრაინული არმიის შექმნაში დაეხმარება,“ - აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მანამდე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა.
„2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს.