ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მან პასუხის გაცემა იმ შეხვედრაზე საუბრით დაიწყო, რომელიც რუმინეთში გაიმართა და რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ელჩი დანიგანიც ესწრებოდა.

„საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“


ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის კაბელისა და სხვა საკომუნიკაციო პროექტების მიმართულებით, ევროკავშირთან პარტნიორობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის დამცავი... (ფუნქციის მატარებელი რედ.) და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები გასაგებია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ სურს რეფორმა და ევროკავშირში შესვლა. მისი შეფასებით, ახლა საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში.

„ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არის დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას აშენებს. ამდენად, ეს იქნება ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი.