ბორის ელცინს, რომელიც 1991-1999 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატოში რუსეთის გაწევრიანების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა. ეს ირკვევა აშშ-ის მთავრობის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელიც 25 იანვარს გამოაქვეყნა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა National Security Archive. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ეხება ვახშამს, რომელიც 1994 წლის იანვარში, რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ვიზიტისას გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამ დოკუმენტის თანახმად, NATO-ს მომავალ გაფართოებაზე საუბრისას ელცინმა კლინტონს განუცხადა, რომ რუსეთი უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც NATO-ში შევა და მას მიჰყვებიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ელცინი საუბრობდა მსოფლიო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აშშ-ის, რუსეთის და ევროპის ერთგვარი კარტელის შექმნაზეც. კლინტონის პასუხი ფრთხილი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობდა ნდობით გამსჭვალული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და უნიკალურ შანსზე, რომ თუ რუსეთი კურსს არ შეიცვლის, შეძლებენ ევროპის ქვეყნებისთვის საუკუნოვანი მშვიდობის გარანტირებას.
გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კლინტონმა და ელცინმა 1994 წლის იანვარში გამართულ ამ შეხვედრაზე ისაუბრეს, ეხებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნას. ელცინი ამბობდა, რომ ეს ძალები მოლდოვასა და საქართველოში კონსტრუქციულად მოქმედებდნენ და უარყოფდა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს.