რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს აწვდის სიგნალებს, რომ მას სურს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ პირობები განიხილოს. იტყობინება Bloomberg კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც მედია დაუკავშირდა, განაცხადეს, რომ მათ არ იციან პუტინის მხრიდან რაიმე ახალი ძალისხმევის შესახებ და დასძინეს, რომ ასეთი პოტენციური მცდელობები სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი იქნება. თავის მხრივ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს სიგნალები არის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, რათა უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ომის მომავალი სტრატეგიის საკითხზე უთანხმოება გაზარდოს.
Bloomberg-ის ინფორმაციით კი, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზეც თანახმაა და უკრაინის ნეიტრალიტეტსაც აღარ მოითხოვს, ამასთანავე, პუტინი რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიაზე უარს არ იტყვის.
კრემლმა უარყო ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, შეერთებულ შტატებს, არაპირდაპირი არხებით, გარკვეულ სიგნალებს უგზავნის.
ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერ, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს: კონკრეტულად, არის თუ არა მოსკოვი მზად, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, უკრაინის ნეიტრალიტეტისა და NATO-ში წევრობის შესახებ?
„არა, ეს არასწორი ცნობაა. აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას,“ - განაცხადა პესკოვმა.
კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომის მიზნებზე საუბრისას მუდმივად იმეორებს, რომ ის უცვლელია - „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.“
უფრო ადრე The New York Times წერდა, რომ პუტინი კონფლიქტის „გასაყინად“ არის მზად, რაც რუსეთის მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიის შენარჩუნებას ნიშნავს. კიევის პოზიციაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რუსეთი მხოლოდ ძალების აღსადგენად გამოიყენებს და რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ახალ ომს დაიწყებს. კიევი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვების გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავს.