უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია."
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში უკრაინას კარგი დინამიკა ჰქონდა თავდაცვის პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ქვეყანას უფრო მეტი შეიარაღება ესაჭიროება. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტ, პირველ რიგში, საარტილერიო საშუალებებს, ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და იცავს უკრაინელთა სიცოცხლეს," განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.