აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO უფრო ძლიერი და ერთიანი გახდა.
„NATO არის ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსი ისტორიაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩეული გზა შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა ოსტინმა.
სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას.
ოსტინმა აღნიშნა, რომ როდესაც ფინეთი გასულ წელს შეუერთდა NATO-ს, ამ ფაქტმა სამხედრო ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა შვედეთს NATO-ს გაწევრიანებასაც. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მალე შვედეთს მივესალმებით NATO-ში," - აღნიშნა ოსტინმა.
ვაშინგტონში ვიზიტისას სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენის გარდა, ერვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანსაც შეხვდა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ბოლოდროინდელი დამტკიცება, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი და 2024 წლის ივლისის სამიტი ვაშინგტონში.
„მათ გაცვალეს მოსაზრებები მოკავშირეთა პროგრესზე თავდაცვითი წარმოების გაზრდის კუთხით და გამოთქვეს შეშფოთება DPRK-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), ექსპორტისა და რუსეთის მიერ ჩრდილოე კორეისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვის, ასევე რუსეთის მიერ ამ ტექნიკის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების შესახებ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოკავშირეების ერთგულებას სამხედრო მზადყოფნისა და NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.