შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიაში 25ერთეული Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკიდან, ცხრა გაგზავნა. ტანკები გერმანიის მწარმოებელ Rheinmetall-ს გადაეცემა დეკომისაციისთვის. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტმა 30 იანვარს განაცხადა. ტვირთი სარკინიგზო გზით გერმანიას უკვე გადაეცა.
ტანკებს გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall კაპიტალური რემონტისთვის შეისყიდის. ტანკების ის ნაწილები, რომლის გამოყენებაც შვეიცარიელ სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, უსასყიდლოდ დაუბრუნდება.
გასული წლის ნოემბერში შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა.
„გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ,“ - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
გასული წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს, Leopard 2-ის ტანკები მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიეყიდა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.