CIA-ს დირექტორი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა

„პუტინის მიერ წარმოებული ომი, რუსეთისთვის მრავალ დონეზე უკვე მარცხია. მისი თავდაპირველი მიზანი კიევის დაპყრობა და უკრაინის დამორჩილება, სულელური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისმა სამხედროებმა დიდი ზიანი განიცადეს. სულ მცირე 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, განადგურდა რუსეთის ტანკების ომამდელი მარაგის ორი მესამედი, ხოლო პუტინის ათწლეულების განმავლობაში განთქმული სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა ჩავარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის პირდაპირი შედეგია, რომელსაც აძლიერებს დასავლეთის მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი წერს სტატიაში „CIA-ს ტრანსფორმაცია კონკურენციის ეპოქაში“, რომელიც 30 იანვარს ჟურნალ Foreign Affairs-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ბერნსის შეფასებით, წარმატების გასაღები უკრაინისთვის, დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები, ეს არის შედარებით მოკრძალებული ინვესტიცია, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ანაზღაურებით შეერთებული შტატებისთვის და მნიშვნელოვანი ანაზღაურება ამერიკული ინდუსტრიისთვის.

CIA-ს დირექტორის შეფასებით, იარაღის ნაკადის შენარჩუნება, უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება.


„ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზარალის უზრუნველსაყოფად. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან თავის შორს დაჭერა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა,“ წერს ბერნსი.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.