მაკრონი ევროპას მოუწოდებს, დააჩქაროს უკრაინის დახმარება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ლიდერებს, მიიღონ გაბედული და „ინოვაციური“ გადაწყვეტილებები უახლოეს თვეებში, რათა „დააჩქარონ“ და გაზარდონ უკრაინის დახმარება.

„მომავალ თვეებში ჩვენ მოგვიწევს, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერის მასშტაბები,” - განაცხადა მაკრონმა კარლბერგის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, შვედეთში ვიზიტის დროს.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ფასი ყველასთვის ძალიან მაღალი იქნება.

„ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების ჩარჩო და არქიტექტურა აღარ იარსებებს, თუკი რუსეთი გაიმარჯვებს,“ აღნიშნა მაკრონმა.


მაკრონის თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის პოტენციურად დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების სავარაუდო შემცირების ან შეჩერების კომპენსირება მოახდინონ.

„ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს,” - განაცხადა მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.