იენს სტოლტენბერგმა კონგრესში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა. მან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ნფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი NATO შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

„NATO-ს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.