„სომხეთში გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება“, - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა Europetime-ს სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, რაც სომხეთში ხდება, სცენარი რუსეთში დაიწერა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, დასავლეთს რეგიონისთვის ნაკლებად სცალია და რუსეთი ამით აქტიურად სარგებლობს.
„რა თქმა უნდა, კავკასიაში რაც ხდება, ერთი დიდი სურათის ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა. ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ პირველი ეტაპი მათთვის წარმატებულად დასრულდა, რადგან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალები განლაგდნენ.
ფაშინიანზე ბევრი კამათობს, არის თუ არა პროდასავლური. ყოველ შემთხვევაში პრორუსული არ არის. ახლა, რუსეთის გეგმის მეორე ნაწილია არაპრორუსული ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ჯერ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და პროტესტის გზით სურდათ ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა სამხედროები ჩართეს ამ საქმეში. სომხეთის სამხედროების უმეტეს ნაწილს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და რუსეთთან კავშირებშია შემჩნეული. სწორედ მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
ზოგადად, სამხედროების საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მათ თავიანთი საქმე აქვთ. ფაშინიანს, რომელიც ხალხის არჩეულია, ხალხი თუ გადაირჩევს. აქ ღიად ჩანს, მხოლოდ ოპოზიცია ვერ ახერხებდა და ახლა უკვე სამხედროები ჩართეს საქმეში. ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებთან ერთად დემონსტრაცია ჩაატარა. ამ აქციით გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება, ამ ნაწილში.
თუმცა ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ის, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი ოპოზიციის მხარეს არის და ამ დაპირისპირებას ვხედავთ. ვერ შეიკრიბა პარლამენტიც, რომელსაც შეიძლებოდა ფაშინიანის გადაყენება არგადაყენების საკითხზე ემსჯელა. მოკლედ, სომხეთშიც ის პროცესები მიდის, რომელიც რუსეთში დაიწერა“, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბარში ანალიტიკოსი.
ბატიაშვილის თქმით, რუსეთი ამ სამოქალაქო დაპირისპირების სცენების დაწერაში დახელოვნებულია და კარგად გამოსდის. ამ ეტაპზე სომხეთში ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, მაგრამ ეს სცენარი კარგად აქვთ შეთვისებული. საქართველოში 90-იანებში რაც მოხდა და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში, იგივე ხდება სომხეთშიც. უბრალოდ, ამ სცენარში იცვლება ქვეყნის დასახელება და მოქმედი პირები.
„დასავლეთს სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის დროს. ზოგადად, რეგიონისთვის ნაკლებად სცალია, სამწუხაროდ. ყარაბაღის ომის დროს ბაიდენმა მხოლოდ განცხადებების დონეზე მოახდინა რეაგირება, მეტი არაფერი. თუმცა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რა თქმა უნდა, ნაკლებად ეცალათ რეგიონისთვის.
მეორე მხრივ, პანდემიამ აშშ-ის ძალიან დაარტყა. ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ. ეკონომიკურადაც. ევროპაშიც პანდემიის გამო, ჯერ ისევ ჩაკეტილია ქვეყნები. პროცესებისადმი ინტერესი აქვთ, მაგრამ ისეთი არა, როგორიც საჭირო არის და როგორიც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს. რა თქმა უნდა, რუსეთმა ისარგებლა პანდემიით და არამხოლოდ ყარაბაღის ომის მიმართულებით, იგივე დეზინფორმაციების გავრცლებით სხვადასხვა თემაზე“, - განუცხადა Europetime-ს ზურაბ ბატიაშვილმა.
ოპოზიციის აქციები რამდენიმე დღე გაგრძელდა და პირველ მარტს პრემიერ-მინისტრმა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესთავაზა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა.