ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა

„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის,“ - ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.


ბოლო 12 წელში, მთელ მსოფლიოში, უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მსურს საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ქვეყანაში დახვდა.

ეს იყო ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია.“


მისივე თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს.

„2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე.


2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. გატარდა მასშტაბური რეფორმები: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების, არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია.

მინდა საზოგადოებას ასევე შევახსენო, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ გასულ წელს, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.


ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი-ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობის, კორუფციისა და თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის ინოვაციების მიმართულებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.


მან ხაზი გაუსვა, რომ „2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.“

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.“

„რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა, გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა, მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.