ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას, მსურს, ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს

„ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას.

წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი,“ აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

„დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას. შემოდგომაზე არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში.


სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“

იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია – „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც პარტიის რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის, ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.