„ამერიკაში მუდმივი დებატი არსებობდა, საგარეო პოლიტიკისთვის პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები. ბაიდენმა კი უკვე დააფიქსირა თავისი დეკლარირებული პოლიტიკა, რომ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, აშშ-ისთვის დემოკრატიული ფასეულობები მთავარი იქნება“, - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში კი საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში, სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით ამერიკას.
„მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა. რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, ჩვენთან როგორ განვითარდება პროცესები, ქვეყნის შიგნით.
მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა, რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას, აშშ-ში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
მისი თქმით, დასავლეთის საქართველოსადმი დამოკიდებულების კუთხით, დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის და ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, საქართველო ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში დარჩება, თუ ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო გახდება.
„ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა“, - აღნიშნავს ქუთელია.