„თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში, სახელისუფლებო გუნდშიც უფრო მეტი პროდასავლური აქტორი გამოჩნდება", - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
Europetime-ის კითხავზე, სახელისუფლებო გუნდში არის თუ არა ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? - ბათუ ქუთელია პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხით ხშირად ინტერესდებიან მისი ამერიკელი პარტნიორებიც.
„ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს, ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას“, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბრისას, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
თუმცა, მისი თქმით, არსებობს უკუღმა ლოგიკაც და თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პროდასავლური პოლიტიკოსებიც.
„ასეთი აქტორები შეიძლება გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში.
თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოში და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც“, - განუცხადა Europetime-ს ბათუ ქუთელიამ.