აშშ-ს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის გაძლიერება სურს

აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე, გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ო’ბრაიენმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კოორდინაცია. როგორც აღინიშნა, კონკრეტული მოდელის შექმნაზე აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ მუშაობენ. ეს საკითხი მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უკვე განიხილეს. ამერიკელმა დიპლომატმა მაშინ სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა.


„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნავდა ბლინკენის თანაშემწე.

„შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განმარტა ჯეიმს ო’ბრაიენმა.


26 იანვარს თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას.

„ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.“ როგორც ცნობილია, სომხეთი ახალ პარტიორებს უსაფრთხოების სფეროშიც ეძებს.


ამ სფეროზე საუბრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი.

საგულისხმოა სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც. სურენ პაპიკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მან სწორედ საფრანგეთი და ინდოეთი გამოყო.

უფრო ადრე კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან ჰქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. გასული წლის 3 სექტემბერს კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.


აშშ-NATO-სომხეთი

ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ NATO სომხეთისთვის კონკრეტული პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება.

„სომხეთისადმი აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის, მე-12 სამშვიდობო ბრიგადის სწავლებას, ინსტიტუციური განვითარებისა და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით დახმარებას მოიცავს,“ - ამბობს საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გამოაცხადა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. მან აღნიშნა, რომ სომხეთთან ამბიციურ მიზნებზე მიმდინარეობს მუშაობა და იგეგმება ე.წ. მორგებული მხარდაჭერის დამტკიცება.


აშშ ერევნის მისწრაფებას მიესალმა.

„სომხეთი NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) დიდი ხნის მონაწილეა და მსახურობდა ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები ძლიერ PfP პროგრამას მხარს უჭერს და მიესალმება სომხეთის ინტერესს, გააღრმაოს მისი ეს მონაწილეობა,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


პარტნიორობა მშვიდობისათვის NATO-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ არის მიმართული. ეს პროგრამა 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით შემუშავდა. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. PfP მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გაამყარონ ურთიერთობები NATO-სთან.

პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და NATO-ს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.