Bloomberg-ის ცნობით, დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსი ექსპორტიორების შესაზღუდად ზომების მიღებას გეგმავენ.
ჯგუფის მიზანია, ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოყენება ვეღარ მოხდეს. ეს არის სქემა, რომლის დროსაც ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის წარმომადგენელი ოლგა დიმიტრესკუ ამბობს, რომ ახალი ზომები ძალაში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შევა.
მანვე აღნიშნა, რომ G7-ის მიზანია, რუსეთი აიძულონ, მიჰყვეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დიდი შვიდეულის მიერ დადგენილ ფასების ზედა ზღვარს.
აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.
შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის.
რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.