„ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.
კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა ცესკოში საბოტაჟის უფლება, არაფერს აღარ ექნება ფასი,„ შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან.“
„რაც შეეხება 12 პუნქტს და შემდეგ 9 პუნქტს, რამდენი პუნქტი შევასრულეთ ამაზე იყო უამრავი სპეკულაცია. სინამდვილეში, მოხდა რა - ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, პარლამენტში უამრავი კანონი მივიღეთ და საბოლოო ჯამში, დღეს გვთხოვენ თუ არ ვცდები 2 პაკეტის მიღებას, მხოლოდ 2 კანონის მიღებას, საიდანაც ჩანს, რომ, თვისობრივად, იმ 12 პუნქტიდან არის ყველაფერი შესრულებული, რისი შესრულებაც შეიძლებოდა იმ კონკრეტულ მომენტამდე.
რაც შეეხება ახალ პუნქტებს - კონკრეტულად ცესკოს თემაზე იყო საუბარი. აქ იცით პირადად ჩემი პოზიციაც და იცით ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ვერავინ დაუპირისპირა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები. ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის, იმავდროულად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე.
როგორ შეიძლება, რაიმე სამართლებრივ ლოგიკაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო სუვერენიტეტი და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული და რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თუ ვინმეს მივცემთ ჩვენ ცესკოში საბოტაჟის საშუალებას, არაფერს აღარ ექნება ფასი. ვიღაცებს შეიძლება, ეს უნდათ, მაგრამ ცესკო უნდა მუშაობდეს გამართულად. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან,“ - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს,“ ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის საქართველოს განესაზღვრა 9 ძირითადი მიმართულება.
ევროკავშირის დათქმა არის სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
„ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არა თუ არ დგამს, დგამს უკან. საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში დასკვნისთვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა“. ამის პასუხად, ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს. მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი,“ - აღნიშნა სიორიძემ.
პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.