აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

სასაზღვრო შეთანხმების ირგვლივ წარუმატებლობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტი, რომელიც 95 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. Reuters წერს, რომ ჩვიდმეტმა რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს მას შემდეგ, რაც მათ ფართო მოცულობის კანონპროექტი დაბლოკეს.


პროცედურული კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართა. ამრიგად, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 67-მა სენატორმა, რაც დოკუმენტის შემდგომი განხილვის პროცესს უზრუნველყოფს.

კანონპროექტს 32 მოწინააღმდეგე ჰყავდა. დოკუმენტს სულ მცირე 60 ხმა სჭირდება 100-კაციან სენატში გასასვლელად. როგორც უკრაინული მედია იუწყება, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უყრის კენჭს კანონპროექტს, რათა ის წარმომადგენელთა პალატას გადასცეს.


აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავდა, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

„ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ტაივანისთვის,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ.


სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.