ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება - პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში”ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა.

კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.


კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.


ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან.


მისი თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.

„ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.


პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს თუ არა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯით" გათვალისწინებული პირობის შესრულებას. „ევროკავშირის მოთხოვნას ეს ცვლილება აკმაყოფილებს თუ არა? ევროკავშირმა გვითხრა, რომ მათი მოთხოვნაა ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნის შესრულება," - მიმართა მომხსენებელს „ლელო"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ის არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას.

ოპოზიციას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა და განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიამ ნამდვილად პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს... აშკარად შეცდომა არის დაშვებული." მისი თქმით, გასული წლის ზაფხულში კანონმდებლობა იმის გამო შეიცვალა, რომ საქართველოში არ იმუშავა მიღებულმა წესმა.


ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ კანონპროექტში ოპოზიციის კვოტით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გაუქმების შესახებ ჩანაწერი გააპროტესტა.

„თქვენ აიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ ნაგვის ყუთში. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკომისია იტყვის, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ამ რეკომენდაციის ჩაგდება იქნება თქვენი პასუხისმგებლობა,“ მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე .


ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე წარდგენილ „ცხრა ნაბიჯში" არჩევნების საკითხზე წერია: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;

საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა."

ამასთან, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა 2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებებიც და აღნიშნა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტის გადასცეს."


„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ", მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდა. ამის გამო, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ხელმძღვანელობდა.

2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი, წარუდგენდა პარლამენტს.

ცვლილებების შედეგად, კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება, პირველ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ივნისის ცვლილებებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრები 76 ხმით არჩევა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.