კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს.
როგორც პესკოვი აცხადებს, სანქციები ძირს უთხრის ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც უკვე ,,სავალალო მდგომარეობაშია".
პესკოვის თქმით, კრემლი ახალ შეზღუდვებს ,,რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას" უწოდებს და მათი შემოღების საფუძვლებს ,,აბსურდულ ბრალდებად" თვლის.
”ეს [სანქციები] სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სინანული გამოვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც აბსოლუტურად დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე.
აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ურთიერთობებს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს”, - განაცხადა პესკოვმა.
სანქციების საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ,,დამანგრეველ ეფექტს" იქონიებს.
მისივე თქმით, სანქციები რუსეთისკენ გადადგმული ,,მტრული ნაბიჯია" და ამასთანავე დასავლეთს აფრთხილებს, რომ ,,ცეცხლს არ ეთამაშოს".
„აბსურდულობის ზეიმია, როდესაც სანქციების შემოღების საფუძვლად ცხადდება „რომელიღაც ქიმიური საშუალებით“ ალექსეი ნავალნის თითქოსდა „მოწამვლის“ თაობაზე განზრახ მოწყობილი პროვოკაცია. ეს ყველაფრი ჩვენ შინაურ საქმეებში დაუფარავი ჩარევის გაგრძელების საბაბს წარმოადგენს. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-მ და ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუს მაღალჩინოსნებს სანქციები გუშინ დაუწესეს.