ევროკავშირი ანგარიშზე მუშაობს, რითაც შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს

ექსკლუზივი

როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა.


ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის კომენტარიდან ირკვევა, რომ ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.


  • „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში  - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ.

ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ.


ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი გაერო-თურქეთის შუამავლობით წამოწყებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან ცალმხრივად გავიდა.  


ლიდერებმა აშშ-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, 2023 წლის 20 ოქტომბერს ვაშინგტონში, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ „სოლიდარობის გზების“ მიზნების განხორციელებას, ეფექტიანობის გაზრდისა და ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად. აშშ-ის თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან კონსტანცაში, რუმინეთის უდიდეს საპორტო ქალაქში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამის კარგი მაგალითია.


ევროკავშირმა შავ ზღვაში წამოიწყო მრავალფუნქციური საზღვაო ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან ევროკავშირის სააგენტოები სანაპირო დაცვის ფუნქციებით (Frontex - ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო, ევროპის მეთევზეობის კონტროლის სააგენტო), ზღვისპირა წევრი ქვეყნები და ასევე, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები.

ამ კონტექსტში, ქართველი ოფიციალური პირები მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობაზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, საქართველოსთვის, შავი და კასპიის ზღვის I პროექტის და მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, შავი და კასპიის ზღვების II პროექტის მეშვეობით, რომელსაც ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს. 


ევროკავშირი მუშაობს „შავი ზღვის სინერგიის“ (ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა, რედ.) შესრულების მე-4 ანგარიშზე.

ეს ძალისხმევა დაგვეხმარება ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებაში, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ შეხედულებებზე, შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ. მთავარი საფუძველი აქ არის დაკავშირებადობის, ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციის, ლურჯი ეკონომიკის, გარემოს დაცვის, მეთევზეობისა და საზღვაო უსაფრთხოების, მედეგობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები,“ ამბობს პიტერ სტანო Europetime-თან.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.


„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ.


ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.