აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება: სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. ვაშინგტონში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლევა შესაძლებლობას, შეხვედრისას განიხილონ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. AFP გასულ თვეში წერდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.


  • „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამიტის განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ, ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.